“ამხელა ტრაგედია დატრიალდა, ვერც ერთი ვერ ბედავს მოსვლას. რა ჰგონიათ, რომ რას ვიზამდით ჩვენ აქ… სამძიმარზე ვერ მოდიან. ერთადერთმა ადამიანმა გაბედა, მივიდა დედასთან და სამძიმარი უთხრა – სალომე ზურაბიშვილმა. ვერავინ სხვამ, ვერ გაბედა”.
ამის შესახებ ტვ “ფორმულას” ჟურნალისტმა ვახო სანაიამ “ტვ “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხვალიდან ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე პასუხს არ აგებს ყველა, ვინც ეს კატასტროფა დამართა ამ ქვეყანას.
“როდესაც ხელისუფლება ეჭვმიტანილია მკვლელობაში … ამხელა ტრაგედია დატრიალდა, ვერც ერთი ვერ ბედავს მოსვლას. რა ჰგონიათ, რომ რას ვიზამდით ჩვენ აქ… სამძიმარზე ვერ მოდიან. ერთადერთმა ადამიანმა გაბედა, მივიდა დედასთან და სამძიმარი უთხრა – სალომე ზურაბიშვილმა. ვერავინ სხვამ, ვერ გაბედა. გაბედეს ის, რომ შესულიყვნენ და მიცვალებული მოეპარათ. ჩვენ მათი სამძიმარი არ გვჭირდება, მაგრამ შენ ხომ უნდა გააკეთო შენი გასაკეთებელი. რისი ეშინიათ – დაბურული მანქანებით რომ გადიოდნენ გუშინ პარლამენტიდან? რას ვიზამდით ჩვენ? ჩვენი ბრძოლა ხვალიდან გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პასუხს არ აგებს ყველა, ვინც ეს კატასტროფა დამართა ამ ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი სანაიამ ტვ “პირველთან საუბრისას.
შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი თბილისში, ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე, კოლეგებთან ერთად, პოლიტიკოსებმა და იმ მოქალაქეებმა გააცილეს, რომლებიც ოჯახის ტრაგედიას იზიარებენ.
იქამდე, იოსელიანის ქუჩაზე, იმ კორპუსის წინ, საიდანაც ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელი გამოასვენეს, სხვადასხვა ტელევიზიის ოპერატორებმა დერეფანი გააკეთეს და კოლეგა დაშვებული კამერებითა და ტაშით გააცილეს.
ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ერთი კვირის წინ, ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძეც ატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.
11 ივლისს, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ, გარდაცვლილის თავის ტვინში ვერ ნახეს ვერანაირი მასიური ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, სიკვდილი გამოეწვია.
იმავე დღეს, შსს-მ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
ლექსო ლაშქარავასა და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტზე, მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე, ამ დროისთვის, დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული.