პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა Lonely Planet საქართველოს მთავრობის ახალ პროექტს „იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“ ვრცელ სტატიასა და ვიდეორგოლს უძღვნის. გამოცემის ჟურნალისტი რიჩარ ქოლეთი აღნიშნავს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო საზღვრების დახურვამ ადამიანებს სამუშაო და სამოგზაურო გზების გადახედვისკენ უბიძგა.
„პოსტ-პანდემიურ პერიდოში საქართველო ციფრული და მზარდი ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება. კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს საქართველომ მყისიერი პასუხი გასცა, შედეგად ამ ქვეყანაში ინფექციის მხოლოდ 1000 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყნის მთავრობას ფრილანსერებისა და თვთდასაქმებულების მოზიდვა სურს, რათა მათ საქართველოში იმუშაონ და იცხოვრონ. პროექტის მიზანია, ეკონომიკის სტიმულირება და საზღვრების ეტაპობრივი, უსაფრთხო და კოორდინირებული გახსნა“, - წერს ქოლეთი.
სტატიაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ციტატაა მოყვანილი.
„ჩვენ საქართველოში ვიწვევთ მიზნობრივ აუდიტორიას და მათ ვთავაზობთ ცხოვრების უფლებას. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ გვსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე იმდაგვარად, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამავდროულად მივიღოთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა სურთ საქართველოდან“.
რამდენიმე დღის წინ ამ საკითხს სტატია ბრიტანულმა Insider-მაც მიუძღვნა.
ახალი პროგრამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ 16 ივლისს გაავრცელა. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ. რაც მოიცავს: სამოგზაურო დაზღვევას, დამსაქმებლის სერტიფიკატს და პერსონალურ ინფორმაციას. ჩამოსვლის წინ ვიზიტორებს საკუთარი ხარჯებით 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.