საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზია 2022-ზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროვიზიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოდან, მაყურებელმა ყველაზე მაღალი შეფასება (12 ქულა) უკრაინას მისცა. ჟიურის მიერ მინიჭებულ ქულებში კი აღნიშნულია, რომ უკრაინას 6 ქულა მიანიჭეს.
იტალიაში, ევროვიზია 2022-ის ფინალურ კონცერტზე, გამარჯვებული უკრაინა გახდა. ქვეყანა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ, სიმღერით Стефанія წარადგინა.