საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია სავარაუდოდ იტალიურ კლუბში ითამაშებს. კალათბურთელი კლუბს უკვე შეუთანხმდა, ერთადერთი დაბრკოლება შენგელიას ყოფილი კლუბი ცსკაა, რომელიც ფულს ითხოვს.
აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა გამოცემა La Repubblica-მ გაავრცელა. წყაროს ცნობით, საუბარია იტალიურ კლუბ “ვირტუს ბოლონიაზე”. შენგელია კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი თავისუფალი აგენტი გახდება. გამოცემა იუწყება, რომ ცსკას გარიგებიდან დაახლოებით 100 000 დოლარი სურს, ისევე როგორც ეს მოხდა დანიელ ჰაკერტთან მიმართებით.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი გამოუცხადა, თორნიკე შენგელიამ რუსული კლუბი დატოვა და დაწერა: “ვლოცულობ უკრაინისთვის”.