კიევსა და მოსკოვს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, რუსეთის ტყვეობიდან 12 უკრაინელი გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
ერმაკის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არიან მარიუპოლის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და კუნძულ ზმეინის დამცველები. ამასთან, გათავისუფლებულებიდან ორი სამოქალაქო პირია, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, გაცვლის შედეგად, ცხრა სამხედროს დაბრუნების შესახებ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინამ ტყვეობიდან 98 უკრაინელის დაბრუნება შეძლო.