თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 15 383-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
BBC-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დამანგრეველ მიწისძვრაზე მთავრობის მხრიდან რეაგირების გარკვეული პრობლემები აღიარა, თუმცა, განაცხადა, რომ ამჟამად ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 12 391, სირიაში კი 2992 ადამიანი ემსხვერპლა.
ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ორივე ქვეყანაში კიდევ გაიზრდება და შესაძლოა გაორმაგდეს, რადგან ასობით ჩამონგრეული შენობიდან ადამიანების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. მთლიანობაში ორი დღის განმავლობაში ასობით ბიძგი დაფიქსირდა.