Loading data...
პარტნიორებს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი ხალხი რუსი ტერორისტებისგან დაიცვას - ზელენსკი

დასავლელ პარტნიორებს ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს დაიცვას თავისი ხალხის სიცოცხლე რუსი ტერორისტების თავდასხმებისგან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად ახლა საჭიროა დროული გადაწყვეტილებები საჰაერო თავდაცვის სისტემებთან და იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესის ოლქები - ტერორისტებმა ერთ კვირაში ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებზე სულ მცირე 380 იერიში მიიტანეს, და ასე ხდება ომის დაწყებიდან ყოველ კვირაში“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, არსებობს საშუალებები ყოველდღიური რუსული ტერორის შესაჩერებლად.

„პარტნიორებს აქვთ ყველა საჭირო სისტემა, ყველა საჭირო იარაღი, რათა უკრაინამ შეძლოს სიცოცხლის დაცვა. მადლობა ყველა ლიდერს და სახელმწიფოს, რომლებიც ესმით, რომ შეთანხმებების სწრაფი მიწოდება და სრული განხორციელება არის ის, რაც იცავს არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ ყველა ერს. რისი მიზანიც შეიძლება იყოს რუსული ტერორი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.