Loading data...
AXIOS: აშშ-მა ისრაელისთვის განკუთვნილი ჭურვების გადაცემა შეაფერხა

„გასულ კვირას თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის განკუთვნილი ჭურვების გადაცემა შეაფერხა“, - აღნიშნულის შესახებ ამერიკული მედია AXIOS-ი ორ ისრაელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება. 

როგორც ამერიკული მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, როდესაც აშშ-მა შეაჩერა ისრაელის სამხედროებისთვის ჭურვების მიწოდება. 

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ისრაელის მთავრობაში და მაღალჩინოსნები ცდილობდნენ დახმარების შეფერხების მიზეზების დადგენას. 

„პრეზიდენტი ბაიდენი ამერიკელი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის კრიტიკის ქვეშ მოექცა, რადგან მათი ნაწილი ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ ისრაელისთვის დახმარების გაწევას. თებერვალში ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელს სთხოვა, რომ აშშ-ის წარმოების იარაღი გამოეყენებინათ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - წერს მედიასაშუალება. 

ბაიდენის ადმინისტრაციაში აშფოთებთ ფაქტი, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაში სახმელეთო ოპერაციას იწყებს. 

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას თქვა, რომ მძევლების დაბრუნების ნებისმიერ გეგმაზე „ჰამასის“ უარი ისრაელს აიძულებს რაფაჰში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს.