Loading data...
ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ბრძოლის ველზე უკრაინისთვის გადაცემული დახმარება - ოსტინი

პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ნაადრევია საუბარი, რა ეფექტს მოახდენს უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე.

ოსტინის თქმით, უკრაინის უმნიშვნელოვანესი საჭიროებები ახლა საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო საბრძოლო მასალაა. ამასთან, როგორც ოსტინმა აღნიშნა, პენტაგონი როცა დაფინანსების დამტკიცებას ელოდებოდა, მზად იყვნენ, რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდებინათ საჭირო საბრძოლო მასალა უკრაინისთვის.

„ძნელია დროის უკან დაბრუნება, მაგრამ, ვფიქრობ, ამ დახმარების გარეშე უკრაინას ძალიან გაუჭირდებოდა დაცვა იმ უდიდესი ძალისგან, რომელიც რუსებს აქვთ“, - თქვა ოსტინმა.

თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან ომში მიღებული დანაკარგების შემდეგ ჩრდილოეთ კორეისა და ირანის დახმარებებმა რუსეთს საშუალება მისცა, „ფეხზე წამომდგარიყო“. ოსტინის თქმითვე, ჩინეთი რუსეთს სამხედრო ინდუსტრიის დალაგებაში დაეხმარა.

„ის [რუსეთი] სამრეწველო წარმოებას ზრდის. თუმცა ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის დახმარების გარეშე, სავარაუდოდ, ეს არ მოხდებოდა ისე, როგორც მოხდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ სწორ არხებს, რათა განვაცხადოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება ჩინეთისა და სხვების მიმართ, ვინც რუსეთს ასეთ მხარდაჭერას  უცხადებენ“, – აღნიშნა ოსტინმა.

შეგახსენებთ, 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას მოიცავდა. ამის შემდეგ მალევე შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა.