Loading data...
სლოვაკეთის არჩეული პრეზიდენტი უკრაინასა და რუსეთს ბრატისლავაში „სამშვიდობო მოლაპარაკებებს“ სთავაზობს

სლოვაკეთის არჩეულმა პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ, რომელიც თანამდებობას 2024 წლის 15 ივნისს დაიკავებს, უკრაინასა და რუსეთს შორის „მშვიდობიანი მოლაპარაკებების“ აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მზადაა, მხარეებს მოლაპარაკებების პლატფორმად ბრატისლავა შესთავაზოს. ამის შესახებ ინფორმაციას European Pravda ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

პელეგრინის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის სლოვაკი პოლიტიკოსები, ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე დგანან - უზრუნველყონ მშვიდობა უკრაინაში, შემდეგ კი - ევროპაში, რათა ტრაგიკული სცენარების განვითარება თავიდან აიცილონ.

„უკრაინის ომის ფონზე ევროპასა და მსოფლიოში იარაღის ხმა ნელ-ნელა გაისმის. საუბარია რუსეთ-უკრაინის ომში ჯარების პირდაპირ ჩართვაზეც, ბევრი უკვე სამხედრო კონფლიქტის გეგმებს ამუშავებს, დიპლომატია კი უფრო მკაცრი ხდება“, - განაცხადა სლოვაკეთის არჩეულმა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ საჭიროა საუბარი „ცეცხლის შეწყვეტაზე, მშვიდობიან სცენარებზე“, ასევე „დიპლომატიის გააქტიურებაზე“. პელეგრინის თქმით, იარაღი უნდა განიხილებოდეს, როგორც „უკანასკნელი საშუალება“.

მან ასევე განაცხადა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სამშვიდობო მოლაპარაკებები ბრატისლავაში გაიმართება, რომელსაც მსგავსი სამიტების მასპინძლობის გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიკოს, რომლის მოკავშირე პელეგრინია, უკრაინის წინააღმდეგ არაერთხელ გაუკეთებია სკანდალური განცხადებები.

კერძოდ, თებერვალში რუსეთის სამხედრო შეჭრის მეორე წლისთავზე ფიკომ თქვა, რომ ომი 2014 წელს უკრაინელმა ნეო-ნაცისტებმა დაიწყეს. ის ამტკიცებდა, რომ დასავლეთის სტრატეგია კონფლიქტისთვის არ მუშაობდა, რომ სლავები ომში იღუპებოდნენ და დასავლეთი ამ ყველაფერს ევროკავშირის სამშვიდობო გეგმის გარეშე უყურებდა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასს არ დაუბრუნებს.