ზელენსკიმ ორბანი მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ტელეფონით ესაუბრა და ის შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც უკრაინის ლიდერი აღნიშნავს, მისი საუბარი ორბანთან „ხანგრძლივი და საგნობრივი“ იყო. ზელენსკის ცნობით, მათ ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის საკითხიც განიხილეს.
„უნგრეთის პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობასთან დაახლოებისა და საერთო რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მე ხაზი გავუსვი უკრაინის დაინტერესებას უნგრეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით, ასევე, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებით
ჩვენ ორმხრივი საკითხების სრული სპექტრის გადასაჭრელად შემდგომ ნაბიჯებზე შევთანხმდით. ასევე, განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი.
დარწმუნებული ვარ, უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება ორივე სახელმწიფოს სარგებელს მოუტანს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღნიშნავენ, რომ საუბრისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ყველა ელემენტი განიხილეს. მთავარი თემა მშვიდობისა და ომის საკითხი იყო.
როგორც უნგრეთის პრემიერის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ბერტალან ჰავაშიმ აღნიშნა, ვიქტორ ორბანმა ზელენსკის დაუდასტურა, რომ უნგრეთი მზად არის, ხელი შეუწყოს ყველა ინიციატივასა და ძალისხმევას, რომელიც მშვიდობისკენ იქნება მიმართული. უკრაინისა და უნგრეთის ლიდერები ორმხრივი კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
I had a lengthy and focused call with Hungary's @PM_ViktorOrban and invited him to the Peace Summit. Hungary’s position is important to us in terms of bringing peace closer and our shared regional security.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 8, 2024
I underscored Ukraine’s interest in good-neighbourly relations with… pic.twitter.com/SnV7wpDJDU
შეგახსენებთ, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.
რუსეთმა განაცხადა, რომ კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.