Loading data...
„ჩემს უკრაინელ მეუღლეს მუშტები ურტყეს რუსული აქცენტის გამო, ტვინის შერყევით საავადმყოფოში წევს“ - პროტესტის რამდენიმე მონაწილე მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს დაუპირისპირდა

2 მაისს, საღამოს საათებში, მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ნიკოლოზ გუდაძე Newshub.ge-სთან საუბარში ამბობს, მისი მეუღლე, იარუსლავა პოლიანსკავა გუდაძე ტვინის შერყევის დიაგნოზით ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

ნიკოლოზ გუდაძე იხსენებს, რომ ხიდის დასაწყისში ჩაუარეს გოგონათა მცირე ჯგუფს, რომლებსაც ხელში დროშები ეჭირათ.

მისი თქმით, გოგოები იქვე არსებული ორნამენტების ჩამონგრევას განიხილავდნენ, რის გამოც მათთან მივიდა და განუმარტა, რომ ვანდალიზმი დაუშვებელი იყო.

მისივე თქმით, დაპირისპირება იმ მომენტში დაიწყო, როდესაც მასთან მეუღლე მივიდა, რომელიც იქ მყოფმა გოგოებმა რუსად მიიჩნიეს.

„მე და ჩემი მეუღლე სახლში ვბრუნდებოდით ვერიდან. მარჯანიშვილის ხიდზე გადავდიოდით. გოგონების ხუთკაციანი ჯგუფი იდგა, დროშებით ხელში, აქციის მონაწილეები იყვნენ და ხიდზე რაღაც ორნამენტები რომაა, მოვანგრიოთო, ამბობდნენ. ამ მინგრევა-მონგრევაზე რომ იყო ლაპარაკი, მე უბრალოდ ვუთხარი, რომ ამას არეგულირებს კანონი და თუ მოანგრევთ, ვანდალიზმია, არ შეიძლება ამის გაკეთება-მეთქი. ახლა ვნანობ, რომ საერთოდ ხმა ამოვიღე. შენიშვნა მივეცი, ეს იყო და ეს. ამაზე არაფერი არ უთქვამთ. რაღაც უკმაყოფილება იყო, მაგრამ როცა ჩემი ცოლი მობრუნდა და ხელი მომკიდა, წავიდეთო, ამაზე დაიწყეს ჩხუბი და გინება.

უკრაინელია ჩემი ცოლი, ქართულად დაილაპარაკა, მაგრამ რუსული აქცენტით. ამ დროს დაიწყეს გინება, ამ სიტყვებს უბრალოდ არც გავიმეორებ... რუსები ხართო, პუტინის მონებო, წაეთრიეთ მოსკოვშიო. რა მინდა რუსეთში? მოკლედ, ასეთი ამბავი იყო. ამ ჯაჯგურში, ხელი მოვიქნიე და წამოვედით, რომ ხიდზე გადავსულიყავით. მე წინ მივდიოდი, თურმე, გამოგვეკიდნენ. ცოტა ხანში, ეცნენ ჩემს ცოლს. ჩაურტყამთ თავში. როცა მოვიხედე, უკან დავბრუნდი, რახდება-მეთქი და მოკლედ, ჩემს ცოლს რა სიტყვები აკადრეს, არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მერე მეცნენ უკვე მე. ჩამარტყეს, ზურგში მირტყამდნენ. მოგვყვებოდნენ ხიდის ბოლომდე. იქ ჩასახვევი არის ამერიკულ ჰოსპიტალთან და რომ ჩავუხვიეთ, თვითონ მოგვეშვნენ და ავიდნენ მარჯანიშვილზე, თორემ ბოლომდე მოგვდევდნენ, გვაგინებდნენ და რას არ იძახდნენ“, - იხსენებს ნიკოლოზ გუდაძე.

მისი თქმით, იმ დღეს პოლიციაში არ წასულან, თუმცა, მომხდართან დაკავშირებით ჩივილს აპირებენ.

„დავიბენით, ასეთ სიტუაციებს არ ვართ შეჩვეული. იმ აურზაურის დროს, ჩემმა ცოლმა დარეკა პოლიციაში, ზარი გავიდა, მაგრამ ვეღარ დაელაპარაკა. ექიმთან რომ მივიყვანეთ, გვითხრეს, რომ კრიმინალურ პოლიციას გადასცემენ. ამ ხიდზე კამერის ჩანაწერები ხომ იქნება. რა თქმა უნდა, ვუჩივლებთ. იმათ შევარჩენ რამეს?  

ჩემი მეუღლე საავადმყოფოში წევს, ტვინის შერყევა აქვს. დღესაც ცუდად იყო, გადავიყვანეთ ალადაშვილში და დაუდგინდა ტვინის შერყევა. როგორც მითხრა, სამჯერ ჩამარტყეს მუშტიო“, - ამბობს ნიკოლოზ გუდაძე.

მისი თქმით, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გამართლება არ აქვს და ეს პროტესტის გამოხატვისთვის შესაბამისი ფორმები არ არის.

„გამოხატვის თავისუფლება მე ვიცი არგუმენტირებული. მე თუ რაღაცას ვაპროტესტებ და რაღაცა თუ არ მომწონს, ეს უნდა დავასაბუთო სიტყვიერად. მუშტების ქნევა, გინება, შეურაცხყოფა - ეს, რომელ თავისუფლებაში შედის? როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი ფაქტები აღიქვას, როგორც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება? ადამიანი საავადმყოფოში დააწვინო მარტო იმიტომ, რომ რუსული აქცენტი აქვს, ჯდება ეს რაიმე ნორმაში? რისი თავისუფლებაა ეს?“, - ამბობს ნიკოლოზ გუდაძე.

შეგახსენებთ, გამჭვირვალობის შესახებ კანონის საპარლამენტო განხილვების პარალელურად, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, საპროტესტო აქციები იმართება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცალკეული ჯგუფები ძალადობით გამოირჩევიან, რაც პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურის დაზიანებასა და პოლიციელების მისამართით ბოთლების და ქვების სროლაში გამოიხატება. 

ამასთან, 2 მაისს, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ორივე სანაპირო და საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს.